მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შესაბამისი მექანიზმების შეთავაზებით.

პროგრამის კომპონენტები

  • სესხის გარანტია
  • სესხის სუბსიდირება
  • გრანტი (პროექტი “მზის კარი” მონაწილებისათვის)

პროგრამის პირობები

  • სესხის ვალუტა - ლარი;
  • მიკრო სესხ(ებ)ის მოცულობა - 20 000 ლარიდან 70 000 ლარამდე;
  • სესხის გარანტია - არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით
  • სესხის პროცენტის სრული სუბსიდირება - 5 წელი;
  • საშეღავათო პერიოდი - არანაკლებ 6 თვე სესხის ძირი თანხის დაფარვაზე;
  • "მზის კარის" ბენეფიციარისთვის განკუთვნილი გრანტი - ათვისებული მიკრო სესხის მოცულობის 25%.

განვითარების სესხის პროგრამის პირობები

  • სესხის ვალუტა - ლარი;
  • განვითარების სესხის მოცულობა - 70 000 ლარიდან 150 000 ლარამდე;
  • სესხის გარანტია - არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 %-ისა 5 წლის ვადით;
  • შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი - არაუმეტეს 8.5% ოდენობით.

დამატებითი პირობები

  1. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხ(ებ)ზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია ფიქსირებული 8.5%-ის ოდენობით;
  2. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ი განთავისუფლებულია - სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშის და სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს/ჯარიმისგან.
  3. პროგრამის ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს „განვითარების სესხით“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამავე პროგრამით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლისას, ათვისებული მიკროსესხ(ებ)ის მიზნობრივი გამოყენება დასტურდება ჩატარებული მონიტორინგით, ასევე ბენეფიციარს არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და ბენეფიციარი აკმაყოფილებს განვითარების სესხით სარგებლობისთვის კორპორაციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს
  4. “განვითარების სესხით” სარგებლობისას, ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ საგარანტიო კომპონენტის გამოყენება
  5. “განვითარების სესხით” სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ
image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა (აკრძალულ საქმიანობათა ნუსხა დეტალურად გთხოვთ იხილოთ დადგენილებაში).

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებია:

  • მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს;
  • არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება;
  • არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს;
  • მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.
  • ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა. სასტუმროს საქმიანობის (NACE კოდები: 55.10.1; 55.10.2; 55.20.0) შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა.
  • ბენეფიციარი ვალდებულია მოახდინოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი/შექმნილი ძირითადი საშუალებ(ებ)ის დატვირთვა, იმავე სესხის უზრუნველსაყოფად (კორპორაციის მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლებით ან მის გარეშე), რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სესხის პირველად უზრუნველყოფას. დასატვირთი ძირითადი საშუალებ(ებ)ი და აქტივების დატვირთვის წესი.
image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ
  • კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი ცნობა წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ (ფორმის შესაბამისად)
  • სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ცნობა სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არ ქონის შესახებ
  • სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ცნობა "ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ", თუ კომპანია დაფუძნებულია ფიზიკური პირის/პირების მიერ (ყველა დამფუძნებლის ცნობა).
image
პროგრამის განხორციელების ვადები:

მიმდინარე

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პროგრამაში მონაწილეობის მსურველი რეგისტრირდება ვებ გვერდზე: https://growthhub.gov.ge/
2მეწარმის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ამავე ვებ გვერდზე
3მეწარმის ბიზნეს დიაგნოსტიკა
4დიაგნოსტიკის შედეგების შემდეგ მეწარმე სუბიექტი მიმართავს ფინანსურ ინსტიტუტს
5ფინანსური ინსტიტუსტის მიერ სესხის განხილვა/დამტკიცება
6ბენეფიციარსა და ფინანსურ ინსტიტუს შორის ხელშეკრულების გაფორმება შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით